Literature
2023_2
„-You will not leave until
I hold a mirror, up to you”...
HAMLET
ბანკებში დაგროვდა ოქრო და დოლარი
და დენთის სურნელი ტრიალებს ჰაერში...
მე, სოფლის საყდარში მახურავს ოლარი,
სანამდე ჰოედან გადავალ ჰაეში.
და ვფიქრობ, რომ ოქრო იპოვის იარაღს,
რადგანაც ოქროა მკვლელიც და მკურნალიც,
და როცა სხეულზე გააჩენს იარას,
მიასევს ექიმს და
მიაქსევს ჟურნალისტს.
თუ ბანკის ექსპერტმა ნახა, რომ იკლო ფონ-
დებიდან ვალუტის ნაკადის დინებამ,
კვამლში მოცანცარე მედიის მიკროფონს
გაგზავნის დაბომბილ მასების იმედად.
ბანკებში დაგროვდა ოქრო და დოლარი,
ამიტომ საფრთხეზე ფიქრს ვეღარ მოვეშვი,
და სოფლის საყდარში მახურავს ოლარი,
სანამდე ჰაედან გადავალ ჰოეში.
ჰაედან ჰოეში, ან იქნებ პირიქით,
არ ვიცი, რადგანაც
არც მე ვარ მოწესე...
უბრალოდ, ფართო გზას ვარჩიე ბილიკი,
რომ იქნებ გოლგოთის
აღმოვჩნდე შოსეზე...
ვნების ქარტეხილმა თუმცა კი მათრია,
დღის ცოდვა, არ მახსოვს,
ღამით არ მენანოს...
სოფლის მღვდელს ვეძებდი
და არა პატრიარქს,
ამიტომ შენდობა შევთხოვე ბერნანოსს.
ეს სიტყვა სწორად რომ გაიგოს პატრიამ,
პირველად მაშინ ვთქვი, როს გახლდით გენუას,
რომ სოფლის მღვდელს ვეძებ
და არა პატრიარქს,-
ანუ იარუსი ვარჩიე ბენუარს.
რაც უნდა იაროს კაცმა თუ იარუსს
არჩია ლოჟა და წაიღო დიდებამ...
დიდების ვირუსით არეულ სიარულს
სოფლელი დიაკვნის არ მოერიდება.
თვით მემატიანეც რომ ხატავს მომენტებს,
შემწირველს ადიდებს,
შეწირულს კია არა...
და იარუსიდან, უბრალოდ მომენდე,
უკეთ ჩანს, რომ ოქრო
იპოვის იარაღს.
პაპის რომ აღარ სწამს განდგომილ პურიტანს,
ქაოსის ენჯეო აკისრებს უსაშვე-
ლოობის მისიას:
დიუშანის უნიტაზს...
კეიჯის ბგერას და...
ჯოკონდას ულვაშებს...
-გაუქმდეს სასწრაფოდ ეთიკის საბაჟო!-
ბრძანებაც გასცეს და ლულებიც დაზეთეს,-
რომ „ტანგო პარიზში“ ფილმია საბავშვო,
-ეცნობოს სკოლებს და
-ეცნობოს გაზეთებს!
რათა ესთეტიკა თან მიჰყვეს ეთიკას,
ადამის სულშიც რომ გაღრმავდეს იარა...
მაშ, მსხვერპლი მივანდოთ
მშრალ არითმეტიკას,
რომ ოქრომ ადვილად მიაგნოს იარაღს.
ერთ წამზე ვიღებდი ყოველთვის სწორებას,
წამიდან ვიწამე მოწამე იკონის
და ფოტო,- ხაფანგში გაბმული ცხოვრება
ვცდილობ, რომ დავბეჭდო
სალექსო სტრიქონით.
ხაფანგში გააბამს ცხოვრების დინებას
პარიზის ქუჩებში კარტიე ბრესონი,
საგრაფო Palazzo-ს, ფელინიმ ინება,
რომ პარტერს ახსოვდეს,
ჭერი აქვს კესონის*...
...ზემო სტროფს რადგანაც დასჭირდა სქოლიო,
ვეცდები, შემდგომში რომ უფრო უბრალოდ
ვთქვა ჩემი სათქმელი და წავიყოლიო
მკითხველი, საითაც დაგეძებ, უფალო.
დაბოლოს, ეს ლექსი ქარტეხილს სადაურს
მიჰყვება, მკითხავთ და მართალიც იქნებით...
ან რითი პასუხობს მჭექარე სათაურს,
რომელი ფიქრით და
რომელი მიგნებით.
რომელი ქარბუქი საიდან გვიბერავს,
დანიის პრინცი რომ მუხლებით ათრიოს?-
აქციის ალიბი სჭირდება ლიბერალს...
სანქციის ალიბი სჭირდება პატრიოტს...
-ჰო, მართლა!-
რატომ და საიდან ჰამლეტი...
... რომ ერთად ვემსხვერპლო მტერსაც და მეგობარს,
მშვიდობით, მივდივარ შორს... მოუსავლეთით
და გაწვდით სარკეს რომ
ჩახედოს ეპოქამ.
* იხ. მაესტრო ფელინის „ამარკორდი“
დათო მაღრაძე